საგარეო უწყება - ტოგოში დატყვევებული მეზღვაური ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია
ტოგოში დატყვევებული ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია. ის უახლოეს ერთ საათში ბათუმში ოჯახს შეხვდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია და საქართველოში იმყოფება. მეზღვაურის გატაცებაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, კოორდინირებული მუშაობა გასწია ყველა მიმართულებით, კერძოდ, აქტიურად ვმუშაობდით საბერძნეთში საელჩოს მეშვეობით გემთმფლობელ კომპანიასთან, ტოგოს მხარესთან მუშაობდა ჩვენი საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით გატაცებულის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე ცნობით, მიმდინარე წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობით დახმარება აღმოუჩინეს სულ 25 ქართველ მეზღვაურს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „ელკა არისტოტელეს“ (Elka Aristotle). თავდასხმის შედეგად ტყვეობაში აღმოჩნდა ქართველი მეზღვაურო ოთარ ვარდიძე.