საგარეო უწყება - საქართველოს ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა
საგარეო უწყება - საქართველოს ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან.

სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.

„საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქართული მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენ შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთმხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ. ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ წმინდა ქეთევანის ნაწილები საქართველოს დაბრუნებოდა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ დღევანდელ პირობებში ქართველი ხალხი ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მომსწრე გახდა.

„ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ინდოეთის მთავრობის მიმართ. უშუალოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები საქართველოს გადმოსცა. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ წმინდა ქეთევანის ნაწილები საქართველოს დაბრუნებოდა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ პირობებში ჩვენ მომსწრე ვართ ამ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის. მსურს, მივულოცო ყველას, მთლიანად საქართველოს და კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

დღევანდელი დღე ასევე ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ ინდოეთის საგარეო-საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ესეც კიდევ ერთი ხაზგასმაა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდოეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას. ინდოეთი არის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა, თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ბუნებრივია, ამ ვიზიტის დროს ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენ, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება საერთაშორისო დიდი მოთამაშეების და  აქტორების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების დღის წესრიგში აქტუალიზაციის კუთხით. ამდენად, ეს ვიზიტიც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. გაიმართება შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პრემიერთან, პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან სამების ტაძარში გაიმართება ცერემონია, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა ჩვენი ურყევი მეგობრობისა და ინდოეთის მხარდაჭერის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, აღნიშნული დიდი მოვლენა მთელ საქართველოს მიულოცა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და განაცხადა, რომ წმინდა ქეთევანის წამება არის ქრისტიანობის, თავდადების, პატრიოტიზმის მაგალითი.

მეუფე შიო იმედოვნებს, რომ დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება იქნება ახალი საწინდარი ქართველი ერის გაძლიერებისა და სარწმუნოებასთან დაბრუნების.

„მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ დიდ მოვლენას, ჩვენს მიწაზე ბრუნდება წმინდა დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები. იცით, მისი წამება იყო განსაკუთრებული, ვინაიდან შეესწრო თავისი შვილიშვილების წამებასაც. იგი მათ ამხნევებდა, შეუნარჩუნა სარწმუნოება და თავადაც შეინარჩუნა. ეს მაგალითია ქრისტიანობის, თავდადების, პატრიოტიზმის. ამდენად, მისი ჩამობრძანება ჩვენთვის ძალიან დიდი ნიშანია, რომ ეს არის გზა ჩვენი ერის გადარჩენის. თავდადებაა სარწმუნოებისთვის, თავდადებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს დიდი მაგალითი მოგვცა.

წმინდა ნაწილების მოძიების პროცესი დაწყებული იყო ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან. დიდი ღვაწლია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის, ჩვენი ხელისუფლების. ასევე მადლობა ეკუთვნის ჩვენს საელჩოს ინდოეთში, რომელმაც დიდი ღვაწლი გაწია. რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის ინდოეთის მთავრობას და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამდენად, დღეს ყველანი ვხარობთ და იმედი გვაქვს, წმინდა მოწამე ქეთევანის მობრძანება იქნება  ახალი საწინდარი ჩვენი ერის გაძლიერებისა და სარწმუნოებასთან დაბრუნების. ვიმეორებ, ამ დღეების მოვლენებმაც ეს გვაჩვენა, რომ ჩვენი ხალხის, ერის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ჩვენი სარწმუნოების შენახვა და მისთვის თავდადება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

დატოვე კომენტარი