საგარეო უწყება - საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. 3+3 ფორმატზე, შესაბამისად, 10 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი.
როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებენ საგარეოში.
ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში ხვალ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. მონაწილეთა ჩამონათვალში საქართველო არ არის.