თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხვალისთვის იგეგმება, საქართველო მასში მონაწილეობას არ მიიღებს
თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხვალისთვის იგეგმება, საქართველო მასში მონაწილეობას არ მიიღებს

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხვალისთვის იგეგმება. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ თურქეთის საგარეო უწყება ავრცელებს. მონაწილეთა ჩამონათვალში საქართველო არ არის.

„სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად ჩვენი პრეზიდენტისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ შეთავაზებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა „3+3“-ის ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის დელეგაცია წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სედათ ონალის ხელმძღვანელობით. შეხვედრას აგრეთვე დაესწრებიან რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. მასში მონაწილეობის შეთავაზება მიიღეს, რუსეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.