საგარეო უწყება - ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა - 8,563
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, 2020 წლის 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,563 მოქალაქე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უწყების ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
„როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:
30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
1 მაისი – ვენა-თბილისი
2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი