საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო საკითხებზე მედიასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა მედიას წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
საგარეო უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 25 ათასამდე ზარი, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე 10 ათასამდე წერილია შესული.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კონკრეტულად ევროკავშირის/შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესახებ აწარმოებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, სამინისტროს დაგეგმილი აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით სოციალურ ქსელებში პირდაპირი ჩართვებისა და შეკითხვა-პასუხის ფორმატის მეშვეობით.
სამინისტროს დაგეგმილი აქვს საკონსულო თემატიკის გარდა წლის ბოლომდე მედიასთან გამართოს მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
2018 წლის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები ასეთია: საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში 28 დიპლომატი მუშაობს; საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში 90-მდე საკონსულო თანამდებობის პირია; საკონსულო დაფარვის არეალი ვრცელდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე; საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 48 საპატიო კონსული ჰყავს; მიმდინარე წელს საკონსულო დეპარტამენტში 11 000-მდე ოფიციალური კორესპონდენცია შემოვიდა; უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საკონსულო დეპარტამენტმა 25 000-მდე ელექტრონული ვიზა გასცა; დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ყოველდღიურად დაახლოებით 100 ზარი შემოდის; დეპარტამენტი ყოველდღიურად დაახლოებით 35 ელექტრონულ წერილზე იძლევა პასუხს; მიმდინარე წელს დეპარტამენტმა 30 მდე მძიმე მდგომარეობაში მყოფ მეზღვაურს აღმოუჩინა დახმარება; 5000-მდე სალეგალიზაციო განაცხადი დამუშავდა და გადაეცა განმცხადებელს; საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე გაიცა 11 000-მდე საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა და 14 800-მდე ბიომეტრიული პასპორტი.