საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან

საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს. ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლებთან. ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან 21 მაისს გაათავისუფლეს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.