საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ა.ჭ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1978 წელს დაბადებული დ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: სავარაუდოდ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით, ასევე, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.