საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში თბილისში ქარის გამო 30, ხოლო ბათუმში უხვი ნალექის გამო 20 შეტყობინება შევიდა
თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინებები ძირითადად ეხებოდა ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვისა და სახურავების დაზიანების ფაქტებს. ყველა შემთხვევაზე ადგილზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.
გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
„ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.