ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებმაც ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენებით დაიწყეს ცეცხლის ქრობა. პარალელურად, მიმდინარეობს დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება. ამ დროისათვის, ადგილზე უკვე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა. შეინიშნება ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ უწყებაში.