საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის მოხსნილია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისათვის მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
„ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.