საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეში ხანძრის გავრცელების ფართობთან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გიორგი გერგაულმა საველე შტაბში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტიქიის ზონაში მობილიზებულია 200 მეხანძრე-მაშველი, 10 სახანძრო, სამი სამაშველო მანქანა, ცხრა დამხმარე ტექნიკა.
„ადგილზე ორი ვერტმფრენი შებინდებამდე მუშაობდა. სულ განხორციელდა ექვსი გადაფრენა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან კი ცეცხლის ქრობის პროცესში საერთო ჯამში სამი ვერტმფრენი ჩაერთვება.
ცეცხლთან საბრძოლველად მობილიზებულია, როგორც შიდა ქართლის, ასევე მიმდებარე რეგიონებისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“,- განაცხადა გერგაულმა.
მისივე თქმით, ხანძრის ქრობითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც გერგაული აცხადებს, ამ ეტაპზე განსაკუთრებული სირთულე არ არსებობს და მობილიზებული ძალები საკმარისია იმისთვის, რომ ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საფრთხე გამოირიცხოს.