საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან ხანძარი 40 ჰექტარზეა გავრცელებული
სოფელ საყავრესთან ხანძარი 40 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაციისთვის ადგილზე ეწყობა საველე შტაბი.
„შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, ცხრა დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.