საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთში მობილიზებას აძლიერებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში მობილიზებას აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზებას აძლიერებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.