საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შავი ზღვის მთელს სანაპიროზე შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
„შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს.
არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები“, – აღნიშნულია განცხადებაში.