საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა ხვადაგიანი უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველ სამუშაო შეხვედრაზე წარადგინა.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გიორგი მღებრიშვილმა სისტემური რეფორმა დაიწყო. მღებრიშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსებით, წელსვე მოხდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და სისტემის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.
„საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვას მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაქსიმალური რესურსების მობილიზებას ახდენს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ დასავლური სტანდარტების ისეთი სამსახური, რომლის იმედიც ექნება საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის სტუმარს“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
ალექსანდრე ხვადაგიანი საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.