საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს არ ზღუდავს
საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს არ ზღუდავს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს არ ზღუდავს.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პორტები რჩება ღია და მუშაობას აგრძელებს.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული ღონისძიებები ამ ეტაპზე საკმარისია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისათვის.

საქართველოს პორტებში 2 მარტიდან გამკაცრებული წესები მოქმედებს, რაც ნავსადგურებში შემომსვლელი გემების სკრინინგის გაძლიერებას ემსახურება.

დღეის მდგომარეობით საზღვრის კვეთა ეზღუდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრები ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში; ამასთან ერთად, საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა სულ მცირე, 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს რამე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს, რომ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები, ლოცმანები და სხვა პირები, რომელთა ასვლაც აუცილებელია, მხოლოდ შესაბამისი ეკიპირებით და წესების დაცვით დაიშვებიან გემზე, რომელზეც იზღუდება ხმელეთთან კავშირი.

ასევე, 21 მარტიდან ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურებს დაურიგდათ თერმომეტრები და მორიგე ოფიცრები ვალდებული არიან, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიზომონ ტემპერატურა.

გარდა ამისა, ნავსადგურის კაპიტანი ვალდებულია, აკონტროლოს თანამშრომლების მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება, ამასთან ერთად, გააკონტროლოს ლოცმანის მიერ თავისი ვალდებულების შესრულებამდე ტემპერატურის გაზომვა და პირადი დაცვის საშუალებების დადგენილი წესით გამოყენება.

„სააგენტო სრულ კოორდინაციაშია პორტში მოქმედ ორგანიზაციებთან. ყველა ორგანიზაციის ინფორმირება ხდება დროულად, მოქმედებენ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან პირადი დაცვის საშუალებებით. საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია უტარდება ტვირთსაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოქმედებს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში და უზრუნველყოფს პორტებში მოქმედი ყველა ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ყველა მითითების ზედმიწევნით შესრულებას, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათთან ერთად პორტში მომუშავე ყველა პირის ჯანმრთელობა“, – აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.