საგამოძიებო სამსახურმა ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში 12 პირი მისცა
11:44, 17.11.2017
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 12 პირი, – ამის შესახებ პირველ არხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილების მიზნით აქტიურად მუშაობს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში სასაქონლო ზედნადების გარეშე ხის მასალის გადაზიდვა-რეალიზაციის 7 ფაქტი გამოვლინდა. ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული დიდი ოდენობით დახერხილი ხის მასალა ჩამორთმეულია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.