საგამოძიებო სამსახურმა ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში 12 პირი მისცა
საგამოძიებო სამსახურმა ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში 12 პირი მისცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 12 პირი, – ამის შესახებ პირველ არხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილების მიზნით აქტიურად მუშაობს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში სასაქონლო ზედნადების გარეშე ხის მასალის გადაზიდვა-რეალიზაციის 7 ფაქტი გამოვლინდა. ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო  კოდექსის 286-ე მუხლით  გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო  დოკუმენტაციის გარეშე არსებული დიდი ოდენობით დახერხილი ხის მასალა ჩამორთმეულია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამის  ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.