საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ იქნა სამი პირი, რომელთაგანაც ერთი უცხოეთის მოქალაქეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საზღვარგარეთ დამზადებულ იქნა ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს, მოეხდინა მისი მიწის ნაკვეთის გასხვისება.

აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე გაფორმებულ იქნა კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ იქნა „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად აცილებულ იქნა მიწის მესაკუთრისათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.        გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.