ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მდინარე იორდანესთან ოფიციალურად გადმოეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მეტად წარმოჩენას
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მდინარე იორდანესთან ოფიციალურად გადმოეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მეტად წარმოჩენას

მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის ცენტრი იქნება ადგილი, სადაც საქართველო იქნება შესაბამისად წარმოჩენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.

„დღეს ნამდვილად ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღეა. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობს იორდანიას. დღეს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც, ერთი მხრივ, გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს. ჩვენ, ქართველებს შეგვეძლება, წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი კულტურა გავუზიაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი, ეს მიწა იქნება ადგილი, სადაც საქართველო იქნება შესაბამისად წარმოჩენილი. ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას, სულიერი ცხოვრების გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო და თითოეულ ქართველს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მდინარე იორდანესთან დღეს საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.