საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა დაასრულა
საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა დაასრულა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გლდანის მერვე საპყრობილეში მსჯავრდებულ გ.ჯ-ს გამოკითხვა დაასრულა.

მსჯავრდებულის გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოლოგის გარდა, არასრულწლოვნის გამოკითხვას მისი ადვოკატიც ესწრებოდა.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა.

„ისაუბრა, როგორ დაიწყო და გაგრძელდა ეს კონფლიქტი. მისი ჩვენება დამაჯერებელი იყო. კონკრეტული გამოკითხვა კონსტრუქციულად წარიმართა. დეპუტატების ინტერესი იყო, როგორ მოხდა კონფლიქტი, ვინ ვის სცემდა და ეჩხუბებოდა. ბევრი კითხვა იყო სხვა არასრულწლოვნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაკაბაძემ.

გ.ჯ-ს პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ის დამნაშავედ ცნეს.