საგადასახადო კოდექსში სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით ცვლილებები შევიდა
საგადასახადო კოდექსში სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით ცვლილებები შევიდა

გადამხდელს დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტი ავტომატურად შეუმცირდება, თუ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად გადახდილია დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტი, – აღნიშნულ სიახლეს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით, საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიზნით განხორციელდა.

გარდა ამისა, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის სამჯერ – 30%-დან 10%-მდე შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა. ამასთან, თუ ვადაგადაცილების პერიოდი არ აღემატება ორ თვეს, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განახევრდება და  5 პროცენტი იქნება, ხოლო თუ ვადაგადაცილების პერიოდი აღემატება ორ თვეს, გადამხდელი დაჯარიმდება გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30 პროცენტისა.

ასევე, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. კერძოდ, თუ შემცირებული გადასახადის თანხა არ აღემატება დეკლარაციაში გადასახადის თანხის 5 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება შემცირებული თანხის 10 პროცენტით, ხოლო თუ შემცირებული თანხა დეკლარაციაში მითითებული თანხის 5 პროცენტზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება 25 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 50 პროცენტისა.  გადასახადის შემცირებისთვის არსებულ ჯარიმაზე კი, ზღვრული ოდენობა დაწესდა – საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს გადასახადის შემცირებისთვის ვერ შეეფარდება აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა.

გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებებით, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში, სანქციის სახით ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილება გამოიყენება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და მისი მიზანია, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.