საფრანგეთში უკრაინის ელჩი - უკრაინის შესახებ ნიკოლა სარკოზის განცხადებები მიუღებელია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით
საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა. ამის შესახებ მან Ouest-France-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
სარკოზიმ ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში უარყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეა და ის თურქეთის ბლოკში გაწევრიანების უშედეგო მცდელობას შეადარა.
უკრაინის ელჩმა სარკოზის განცხადებებს როგორც ფორმით, ასევე შინაარსით მიუღებელი უწოდა.
„პატივს ვცემ მის სტატუსს. ვკითხულობ მის წიგნებს, რაც საშუალებას მაძლევს, უკეთ გავიგო მისი აზროვნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს შენიშვნები, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, მიუღებელია“, – განაცხადა ომელჩენკომ.
უკრაინის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ ყველას გაახსენდა მისი კავშირები რუსეთთან.
„ვხედავ, რომ სარკოზიმ არ დათმო აქტიური როლი საფრანგეთის პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ, შესაძლოა, ეს უკანასკნელი ამბობს უარს მასზე“, – განაცხადა საფრანგეთში უკრაინის ელჩმა.