ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება, ამისი არხსენება, არ არის კარგი, ბიბლიოთეკა, ნახეთ, რა დღეშიაო – ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ელჩი სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ლევილის მამულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ლევილის მამულის მმართველმა კულტურის სამინისტრომ უკვე უპასუხა, ლევილიდან სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. ვინაიდან პირადად მეც დიდი ხანი მომიწია ლევილის საკითხებზე მუშაობა – მამულის საქართველოსთვის დაბრუნების სრული პროცესის მონაწილე და დაბრუნების შემდეგ 2021 წლის ჩათვლით მმართველი საბჭოს წევრიც გახლდით, თავს მოვალედ ვთვლი, რომ გამოვეხმაურო ამ ძალიან ემოციურ სიუჟეტს.
არავის კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი და იმ ადამიანებისაც კარგად მესმის, ვინც მიწოდებული ფოტოებით შექმნილი შთაბეჭდილებით გულწრფელი წუხილი და აღშფოთება გამოხატა. უფრო მეტიც, ყველა გულწრფელად შეწუხებული ადამიანის მადლიერიც კი ვარ. უბრალოდ, ჩემი წილი ობიექტურობითა და სამართლიანობით მოგაწვდით ინფორმაციას ლევილში არსებული მდგომარეობის შესახებ.
დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ დაობს იმაზე, რომ ლევილის შატო (მე-17 და მე-18 საუკუნეში აშენებული შენობა) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამას აცნობიერებს მთავრობაც და ყველა, ვისაც მამულთან აქვს ან წარსულიდან, ან დღეს შეხება. როცა საქართველოს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, მოლაპარაკებების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მამული და ეს უკვე ავარიული შენობა გადმოეცა, არ არსებობდა არავითარი ტექნიკური დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ, ნებისმიერი რეაბილიტაციისათვის რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი (აზომვითი ნახაზების ანუ გეომეტრიული, ნიადაგის სიმკვრივის – გეოლოგიური, ფიტოსანიტარული – 3 ჰექტარზე მეტი მოცულობის პარკისთვის, აზბესტის, ტყვიის შემადგენლობის და აშ). ამ ყველაფრის გაკეთება, დაკვეთა, რეალიზება და შემდეგ დოსიეების შედგენა მოუწია საქართველოს საკუთარი ხარჯებით. ალბათ წარმოგიდგენიათ ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურები და ვადები. მხოლოდ ლევილის გენ. გეგმაში ცვლილებების შეტანას დაჭირდა თითქმის ორი წელი. რადგან ლევილის მუნიციპალიტეტს მთლიანად აკრძალულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული მამულის მთელი ტერიტორია და ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ დავიწყებდით ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე. ახლა, როცა ლევილის რეაბილიტაციის საქმეში დინამიკა გაჩნდა და რეალურად იწყება მამულისა და შატოს რეაბილიტაცია, მხოლოდ არეული სხვენის ჩვენება მთლიან ობიექტურ სურათს ამახინჯებს. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მოყვრის გულის გასახეთქად ხომ არ გარჯილან ეს პატიოსანი ახალგაზრდები. იქვე არის ბევრი რამ, რაც გაკეთებულსაც მოწმობს და ცოტა რამ ამ ამბავზეც მოეთხროთ.
შედგა რეაბილიტაციისათვის საერთო, გლობალური პროექტი და სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში არ დაზიანებულიყო მნიშვნელოვანი წიგნები და არქივი, ამასთან მუდმივი სტატუსით მცხოვრები პირები გამოგვეყვანა შატოს შენობიდან (რეაბილიტაციისათვის), გლობალურ პროექტს მაშინვე გამოეყო პრიორიტეტულად ორანჟერიის პროექტი და მოეწყო ბიბლიოთეკა შატოს უკანა მხარეს. სწორედ იქაა ბიბლიოთეკა მოწყობილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხანგრძლივი შრომით, ნორმალურ პირობებში, კატალოგიზაციით, თემატურად, ენებისა და ავტორების მიხედვითაა დახარისხებული და სპეციალურად შეძენილ თაროებზეა დალაგებული. ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ლევილისა და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიიდან გააციფრულა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
რაც კადრებში ჩანს, შემაძრწუნებლად მტვრიანი და მიუხედავი გახლავთ შატოს შენობის სხვენი, სადაც, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, არ არის დარჩენილი არცერთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის დედანი. იმდენმა ისტორიკოსმა, მკვლევარმა, დოქტორანტმა თუ სტუდენტმა, იმდენმა ბიბლიოთეკარმა იმუშავა ამ სხვენში, იმდენი წიგნი ჩამოვიტანეთ ბიბლიოთეკაში, იმდენი გამოვაგზავნეთ (პარტიებად) თბილისში, გარწმუნებთ, არაფერია იქ განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტი დარჩენილი. ლევან თაქთაქიშვილი რომ არაფერ ღირებულს დატოვებდა იმ სხვენში, ვინც მას იცნობს, დამეთანხმება.
მესმის, რომ ჩემგან ამ დოკუმენტების „ღირებულების“ განსაზღვრა უხერხულია, ამიტომ უფრო დეტალურად მოგახსენებთ: ეს სხვენი, შატოს საქართველოსთვის გადმოცემამდე უფრო და მერეც, იქცა ერთგვარ საწყობად, სადაც ამოჰქონდათ ოჯახებს პირადი ნივთები და წიგნები, ან ვინმე თუ გარდაიცვლებოდა, მის ბინას დაცლიდნენ და ნივთებს სხვენში უწესრიგოდ ტოვებდნენ. ამანაც განაპირობა ის მდგომარეობა, რაც იქ იხილეთ.
რასაკვირველია, ღირებულია კარლო ინასარიძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული გადაცემების სცენარების ასლები, კალისტრატე სალიას წერილის ასლიც მისი დოკუმენტების ყუთში იდო. არ არის არცერთი დედანი. კალისტრატე სალიას ლევილში არ უცხოვრია და კალისტრატე და ნინო სალიებმა სიცოცხლეშივე გადასცეს საქართველოს პირადი არქივი. რადიო გადაცემისთვის სცენარშიც უწერია კარლო ინასარიძეს, რომ იმ დღეს მის წერილზე ისაუბრებდა.
ცხონებულმა კარლო ინასარიძემაც თავის სიცოცხლეშივე მოაწყო პატარა ბიბლიოთეკა შატოს უკანა შენობაში, სადაც ყველაფერი ღირებული, მათ შორის მისი გადაცემების ფირებისა და სცენარების დედნებია შენახული. სხვენში დარჩენილია საბჭოთა პერიოდიკა, „მნათობის“, „ცისკარის“, დიდ შეკვრებად გაზეთები და ემიგრაციაში გამოცემული გაზეთების დარჩენილი ეგზემპლარები. ცნობილია, რომ ისინი 3000 ეგზემპლარად ბეჭდავდნენ, 1000 მდე ავრცელებდნენ და 2000 რჩებოდა. ფოტოებზე რაც ჩანს, იმ წიგნებისა და ჟურნალების მრავალი ეგზემპლარია უკვე საქართველოს ეროვნულ არქივშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც. ასევე შენახულია ლევილის ბიბლიოთეკაში და სხვენში დარჩა ზედმეტი ეგზემპლარები. სხვენში დიაპოზიტივები რაც არის დარჩენილი, ძირითადად, საბავშვო თემატიკისაა და მამია ბერიშვილის სარდაფი რომ დავცალეთ, ვაითუ რამე ღირებული იყოს-მეთქი, გადასაყრელად დამენანა და მე ავიტანე სხვენში. მერე აღმოჩნდა, რომ ტიერი ბერიშვილის ბავშვობისდროინდელი დიაპოზიტივები ყოფილა. იქვეა საბჭოთა საქართველოს დროინდელი თბილისისა და ჭიათურის დიაპოზიტივები, რომლებიც, როგორც ჩანს, საბჭოთა პერიოდში საქართველოდან ჩაჰქონდათ მონატრებული ემიგრანტებისთვის.
ვიცი, ზოგი მისაყვედურებს, ზედმეტი რას ჰქვიაო. რას ჰქვია და ათასობით ეგზემპლარი რომ გაქვს, ყველგან რომ შეინახავთ და მაინც კიდევ ბლომად დაგირჩებათ, თქვენც ალბათ სადმე სივრცეში მოათავსებთ. პირობები დღეს არ არის კარგი. რაც გაფუჭებული ნახეთ, ის ამ ბოლო წლებში არ გაფუჭებულა. საბჭოთა პერიოდის გამოცემების გადარჩენა არც არავის უცდია, საქართველოშიც საკმარისზე მეტია. ემიგრაციაში დაბეჭდილი მასალა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი და ასობით ეგზემპლარი, როგორც მოგახსენეთ, გადანახულია ყველა გამოცემისა და ყველა ნომრის.
ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება, ამისი არხსენება არ არის კარგი. ბიბლიოთეკა, ნახეთ, რა დღეშიაო – ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული. პრიორიტეტები სწორედ ამ მიზნით დაისახა, რომ გადაგვერჩინა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. კოვიდის პანდემიას სრულად რომ არ გაეჩერებინა პროცესი წელიწად-ნახევარი, ახლა, მერწმუნეთ, სხვა სურათი დაგხვდებოდათ. არაფერს ვიტყოდი, რომ არ ვიცოდე, როგორი გულით ეკიდება ამ საქმეს მამულის ამჟამინდელი მმართველი კულტურის სამინისტრო. მარტივი როდია, დისტანციურად მართო და მოაწესრიგო ყველა საკითხი და დეტალი, საქმე კი ბევრი კეთდება, რაც ვერც კადრში მოხვდა და არც სიტყვა თქმულა. 5,6 მილიონი ევრო გამოყო ქვეყანამ, რომელსაც შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და ნელ-ნელა პროექტი წინ მიდის.
გასაკეთებელი, მისახედი და მოსავლელია მამული, არავინ დაობს. ბევრი საქმე გვაქვს წინ, ძალიან ბევრი. ამდენი გულანთებული ადამიანის ენერგია მხოლოდ შეეშველება საქმეს.
მეტი სიცხადისთვის რამდენიმე ფოტოს გაახლებთ, რომ დარწმუნდეთ ლევილის შატოში ყველგან სხვენის მდგომარეობა არ არის. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჯუნგლებად ქცეული, სრულიად გაუვალი პარკი, გაისხლა, გამოიხშირა ექსპერტების მიერ დასახული გეგმის მიხედვით, და ალეებად მოწესრიგდა, ლამაზად, გასეირნება გესიამოვნებათ.
ერთი ქალბატონის კომენტარი შემორჩება ჩემს მეხსიერებას, რამდენი საქმე ყოფილა, მოდით, ლანძღვის მაგივრად ხელები დავიკაპიწოთ და დავეხმაროთ, ვისაც რითი შეგვიძლია, რომ პრობლემა მოვაგვაროთო. მთელი თვე ვიმუშავებ და დავახარისხებ ამ წიგნებსო. ამ ქალბატონს, მჯერა, რომ გულწრფელად ეტკინა გული ნანახით და ასევე გულწრფელად სურს, უკეთესობა იხილოს ლევილის მამულში.
ხანდახან ვინმეზე გაბრაზებულები ვესვრით ისარს და ქვეყანას ვარტყამთ. ერთმანეთს ვეჩხუბებით და მტერი ამით ხარობს“, – წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ელჩი.
ამასთან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელში ლევილის მამულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას 3 იანვარს გამოეხმაურა.
კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ლევილის მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია და მიმდინარეობს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების ეტაპობრივი დახარისხება ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით.