ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გაიხსნა
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გაიხსნა

კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს.

ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ლევილის მერი ერიკ ბრევი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოდან ემიგრირებული მთავრობის მიერ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეძენილ მამულში, რომელიც საქართველოს საკუთრებად 2016 წელს გადმოეცა. საფესტივალო ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.

ფესტივალზე დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

ქართული ფესტივალის პირველ დღეს მოეწყო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების, მომავალი მოქანდაკეების ნამუშევრების წარდგენა ლევილის მამულის პარკში; ხის ოსტატებმა, ნინო კოპელაშვილმა (თბილისი) და რესან ჟოჟაძემ (აჭარა) მასტერკლასები გამართეს; ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი და ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი; ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის მასტერკლასი ჭადრაკში ოთხ დაფაზე; ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე). პირველი საფესტივალო დღე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის სტუმრებისთვის კომპანია ,,ფაფანაკმა“ წარმოადგინა ტრადიციული ქართული სამოსი – საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი მრავალფეროვანი მორთულობითა და ატრიბუტიკით.

ფესტივალის პირველ კვირაში ასევე გაიმართება ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის მასტერკლასი ჭადრაკში. ფესტივალის სტუმრები ასევე შეხვდებიან ქართველ მორაგბეებს გიორგი ნემსაძეს, გიორგი მელიქიძეს, სერგი აბრამიშვილს, ვასილ კაკოვინს, გიორგი ცუცქირიძეს, გურამ გოგიჩაშვილსა და გიორგი ხარაიშვილს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ბოლო ათეული წლის მანძილზე პირველად აღინიშნება ასე მასშტაბურად ლევილის მამულში.
წელს, გასულ წელთან შედარებით, ლევილის ფესტივალის მასშტაბი, ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები, კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები საქართველოდან. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით ფესტივალში ასევე მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან. ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება და იქ ქართველი და უცხოელი მაყურებლისათვის წარმოდგენებს გამართავს.

სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების სტუდენტები კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პირველი სტუმრები არიან. ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის შვიდი სტუდენტი უკვე ლევილის ქართველთა მამულში იმყოფება. ისინი ადგილზე მუშაობენ საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად, რომლებიც მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში – „ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი“, ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა.

წლევანდელი პროგრამის სიახლე სწორედ სპორტული აქტივობები და კულტურის სფეროს წარმომადგენლების სიმრავლეა. სტუმრებს დახვდებათ სპორტული აქტივობები: რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება (ხრიდოლი). აღსანიშნავია, რომ პირველად პროგრამაში მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

საფრანგეთში ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ თანამედროვე ქართულ თეატრალურ წარმოდგენებს, ქართული ესტრადის, ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, სამეცნიერო დისკუსიებს; მოეწყობა შეხვედრები მწერლებსა და ხელოვანებთან. ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მასტერკლასები, რომლებშიც მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობის ლეგენდარული წარმომადგენლები მიიღებენ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა.

მამულის საქართველოსთვის დაბრუნების შემდეგ აქტიურად დაიწყო ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლახან დასრულდა გუშაგის სახლისა და შატოს სახურავის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა, აქტიურად მიმდინარეობს ფასადის რესტავრაცია. ჩატარდა აზბესტისგან გაწმენდის სამუშაოები, დასრულდა მამულში ქართული ოდის განსათავსებელი ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა; მიმდინარეობს 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახის აღდგენა; დასუფთავდა ე. წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილი და მალე დაიწყება რეაბილიტაცია. 2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.

2023 წლის ლევილის ქართულ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არაერთ ფრანგულენოვან მედიაში. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გამოცემა „Le Parisien“, რომელმაც ვრცელი სტატია მიუძღვნა ფესტივალს. ლევილის ქართულ ფესტივალს აქტიურად ესწრებოდნენ ასევე საფრანგეთის სახელოვნებო სფეროს დარგის წარმომადგენლები, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ლევილში წარმოდგენილი ქართული კულტურული პროგრამის მიმართ. ამ ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ უნიკალური ქართული კულტურის, განსაკუთრებით კი, საქართველოს რეგიონებში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფების ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.