თეა წულუკიანმა და ერიკ ბრევმა ლევილის მერიის საკუთრებაში არსებული ქართველთა სასაფლაოს მოვლა-პატრონობის გეგმაზე იმსჯელეს
თეა წულუკიანმა და ერიკ ბრევმა ლევილის მერიის საკუთრებაში არსებული ქართველთა სასაფლაოს მოვლა-პატრონობის გეგმაზე იმსჯელეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ლევილის მერმა, ერიკ ბრევმა, რომელიც იმავდროულად ლევილის აგლომერაციის პრეზიდენტია, ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, რომელიც ლევილის ქართველთა მამულში გაიმართა, ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის მენეჯერი თეონა მელითაური, მენეჯერის მოადგილე ტიერი ბერიშვილი, ლევილის მერიის წარმომადგენელი მაელ ლედელეკი.

„შეხვედრის მიზანია, ქართულმა და ფრანგულმა მხარეებმა შეთანხმების საფუძველზე შეადგინონ თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც ლევილის მერიის ნებართვით და მათთან კოორდინაციით ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს ორივე მხარეს გაუნაწილებს.

ლევილის სასაფლაოს ის ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ემიგრაციის სხვა წარმომადგენლები განისვენებენ, ლევილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მისი მოვლა-პატრონობის უფლება ქართულ მხარეს არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2016 წელს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.