საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის დროს ყალბი ამბების გავრცელება პატიმრობით ან ჯარიმით დაისჯება
საფრანგეთის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი მიიღო, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საარჩევნო კამპანიის დროს გავრცელებული ყალბი ახალი ამბის დაუყოვნებლივ წაშლას ითვალისწინებს.
კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და ის სენატმა ორჯერ ჩააგდო. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღებით საფრანგეთის დემოკრატიას საფრთხე ექმნება, რადგან ამ გზით შესაძლოა, პრესაზე ცენზურა დაწესდეს.
პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი რეგულირებადი უნდა იყოს. კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, სარჩელით მიმართონ მოსამართლეს, რომ ყალბი ახალი ამბის გავრცელება შეაჩერონ.
ასევე ეს კანონი ეროვნული მაუწყებლის სააგენტოს უფლებას აძლევს, ავტორიზაცია შეუჩეროს იმ მაუწყებლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ კონტროლირდებიან და გამიზნულად გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რითაც შესაძლოა, არჩევნებზე მოახდინონ გავლენა.
კანონის მომხრები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო გზაა, რომ ყალბი ახალი ამბების გავრცელებას შეუშალონ ხელი.
ნებისმიერ პირს, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, შესაძლოა, ერთი წლით პატიმრობა მიესაჯოს, ჯარიმის სახით კი 75 ათასი ევროს გადახდა მოუხდეს.