სინგაპურში ყალბი ახალი ამბების გავრცელება კანონით დაისჯება
სინგაპურში ყალბი ახალი ამბების გავრცელება კანონით დაისჯება

სინგაპურის პარლამენტმა ყალბი ახალი ამბების შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ახალი რეგულაცია, რომელიც უახლოეს კვირებში ამოქმედდება, ხელისუფლებას უფლებას აძლევს, მონიტორინგი გაუწიოს ინტერნეტპლატფორმებსა და მიმოწერას. მთავრობას ექნება უფლება, მოსთხოვოს ინტერნეტ პლატფორმებს, წაშალონ ყალბი ახალი ამბები ან ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სინგაპურის ხელისუფლების მტკიცებით, ახალი კანონი მოქალაქეებს ყალბი ახალი ამბებისგან იცავს, თუმცა ინიციატივის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი კანონი სამოქალაქო უფლებებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ სინგაპური პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 151-ე ადგილს იკავებს.

სინგაპურის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი კანონი არ იქნება მიმართული პირადი აზრის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ტყუილის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა, საზოგადოებისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

„სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს ამ კანონით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა შანმუგამმა პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრმა დასძინა, რომ ინიციატივით ხელისუფლება აპირებს, ებრძოლოს სიცრუეს, „ტროლებსა“ და ყალბ ინტერნეტანგარიშებს.

ახალი კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ერთი მილიონი სინგაპურული დოლარის ოდენობით (733 700 ამერიკული დოლარი) ან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ყალბი ახალი ამბების შესახებ კანონი მიიღეს რუსეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

დატოვე კომენტარი