საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს სახელმწიფო თანხების მითვისებაში ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ პრეზიდენტობის კანდიდატს, ფრანსუა ფიონსა და მის მეუღლეს, პენელოპას სახელმწიფო თანხების მითვისებაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFM-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პოლიციის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გამოძიება დაასრულა და საქმის მასალები სასამართლოს გამომძიებლებს გადასცა, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ გადასცემენ თუ არა საქმეს სასამართლოს.
საქმე ეხება ფრანსუა ფიონის მიერ საკუთარი მეუღლის თანაშემწედ აყვანას. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც 2017 წლის იანვარში ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენელოპა ფიონი საფრანგეთის ნაციონალურ კრებაში მეუღლის თანაშემწედ იყო გაფორმებული და ანაზღაურებას იღებდა, თუმცა რეალურად რამე სამუშაოს არ ასრულებდა.
მედიის ცნობით, პენელოპა ფიონმა ხელფასის სახით ნახევარ მილიონამდე ევრო მიიღო. თავად ფრანსუა ფიონი, რომელიც წარსულში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა და იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამე სახის დარღვევებს კატეგორიულად უარყოფს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ნეგატიურად აისახა ფრანსუა ფიონის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და მის რეიტინგზე.