ტურისტების თანხების თაღლითურად მითვისების საქმეზე დაკავებული პირი დუმილის უფლებას იყენებს
ტურისტების თანხების თაღლითურად მითვისების საქმეზე დაკავებული პირი დუმილის უფლებას იყენებს

ტურისტების თანხების თაღლითურად მითვისების საქმეზე დაკავებული პირი დუმილის უფლებას იყენებს. მას ადვოკატი დღეს შეხვდა.

ბრალის ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა. ეს პროცედურა დღეს ან ხვალ განხორციელდება.

ცნობილი ხდება, რომ კაფე-ბარ „კაპრეს“ მფლობელის გარდა, ასევე დაკავებულია ამავე ობიექტზე მიმტანისა და ბარმენის პოზიციაზე მომუშავე პირიც.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები თაღლითური გზით სძალავდნენ ფულს უცხოელ ტურისტებს. ჰქონდათ შეცვლილი მენიუ, ახდევინებდნენ არარეალურად დიდი ოდენობის თანხებს და აწვდიდნენ უფრო დაბალი ფასის პროდუქციას. გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, სექტემბერში ჩინელმა ტურისტმა, ალკოჰოლური თრობის შემდეგ გონება დაკარგა, მეორე დღეს კი აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან ბარის ანგარიშზე 15 000 ლარი იყო გადარიცხული.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ჩინელი ტურისტის ეპიზოდზე აცხადებს, რომ ბარის მფლობელის ინფორმაციით, გადახდის ქვითრებზე ტურისტის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული.

„ამოღებულია დაახლოებით 20-მდე მენიუ. ის საკითხი, რაც ეხება ფასთაშორის სხვაობას, დაკავებული ამბობს, რომ ასეთი არსად ფიქსირდებაო. მე ჯერ მასალებს არ გავცნობივარ. დღეს ან ხვალ გავეცნობი და უფრო დეტალურად მეცოდინება. რაც შეეხება იმ ჩანაწერს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მოპოვებული, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი საკითხია: ფიგურანტი პირები ვინ იყვნენ? შეიძლება, ვიღაც სხვისი განხორციელებული იყოს ეს ქმედება და მერე ყვებოდეს ვინმე ამ ინფორმაციას, ან უშუალოდ თვითონ იყოს. კონკრეტულ დეტალებს ვერ იხსენებს და შემდეგ უკვე საქმის მასალებს თვითონაც რომ გაეცნობა და დავილაპარაკებთ, მერე განვსაზღვრავთ სამოქმედო გეგმას. ჩინელ ტურისტთან დაკავშირებით, მისი გადმოცემით გაიხსენა – რაც გადაიხადაო, ჩეკები ხელმოწერილი არისო“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.