საფრანგეთის შს მინისტრი - ქართველები ოცნებობენ ელდორადოზე, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ
ქართველები ოცნებობენ ელდორადოზე, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.
საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით.
ქართველებს შეუძლიათ, იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ. არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს, საქართველოში ომი არ არის. საქართველო ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.