საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 25-26 მაისს საქართველოს ეწვევა.  ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, შედგება „პროექტის-„ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ განხორციელების შესახებ“ მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი და გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, კერძოდ, ის სიტყვით გამოვა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი ფიცის დადების ცერემონიაზე, ასევე დაესწრება ხელოვნების სასახლის მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას და საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების იმიტირებულ ცერემონიას.

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატივცემულოდ, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით, „ქორთიარდ მარიოტში“ ლანჩი გაიმართება. ვიზიტის დასასრულს, 26 მაისს, ჟან-ივ ლე დრიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო გალა-კონცერტს დაესწრება.

თბილისის შემდეგ, ჟან ივ ლე დრიანი ბაქოში გაემგზავრება.