საფრანგეთის ქალაქ ლორიანში ქართველი მოზარდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
საფრანგეთის ქალაქ ლორიანში ქართველი მოზარდის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. კოლბერტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 16 წლის სანდროს ოჯახის ბელგიაში დეპორტაციას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქართველი მიგრანტების ოჯახს ბელგიაში დაბრუნება მოსთხოვეს, რადგან დუბლინის შეთანხმების მიხედვით, მათ თავშესაფარი იმ ქვეყანაში უნდა მოითხოვონ, სადაც პირველად ჩავიდნენ.
ქართველი მიგრანტების ოჯახი უკვე ექვსი თვეა ლორიანში თავშესაფარის მაძიებელთა ცენტრში ცხოვრობს. თუმცა, სანდროს მამა, ავადმყოფობის გამო, ყოველთვიურ შემოწმებაზე ვერ გამოცხადდა, რის გამოც ოჯახს ცენტრში დარჩენაზე უარი უთხრეს და ფინანსური დახმარება შეუწყვიტეს.
გავრცელებული ცნობით, სანდრო, მისი ძმა ლევანი და მშობლები – ლილი და აკაკი ბელგიაში 2015 წელს ჩავიდნენ. ოჯახი საფრანგეთში ითხოვდა თავშესაფარს. მიგრანტების მტკიცებით, საქართველოში მათ პოლიტიკური მოტივით დევნიან.
ქართველების მხარდასაჭერად შეკრებილი მოსწავლეები და პედაგოგები ხელისუფლებას სთხოვენ, ოჯახს თავშესაფარი მისცენ. მათივე თქმით, სანდრო და მისი ძმა სკოლაში კარგად სწავლობენ, ხოლო ოჯახი საზოგადოებაში ინტეგრირებულია.
აქციის მონაწილეების თქმით, ბელგიაში გამგზავრების შემთხვევაში, ქართველებს სამშობლოში დეპორტაცია დაემუქრებათ.