საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობას მომავალ კვირას დაასახელებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობას მომავალ კვირას დაასახელებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე აცხადებს, რომ მომავალ კვირას მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას პარლამენტის წინაშე წარადგენს ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს.

შეგახსენებთ, მთავრობის მეთაურის რანგში მიცემულ პირველ ინტერვიუში ბარნიემ განაცხადა, რომ მის მთავრობაში, რომელსაც მკაფიო უმრავლესობა არ გააჩნია, შევლენ კონსერვატორები, მაკრონის პარტიის წევრები და, იმედოვნებს, რომ მემარცხენეებიც.

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე 5 სექტემბერს დაასახელა. ბარნიე 2016-2021 წლებში „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო. მანამდე იგი საფრანგეთის მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საქმეთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს. ის ასევე მუშაობდა შიდა ბაზრისა და მომსახურების ევროკომისრად.

ბარნიეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მთელი საფრანგეთის მასშტაბით 100 ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც აპროტესტებდნენ მის თანამდებობაზე დანიშვნას და ამბობდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.