საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონის სტრატეგია დაამტკიცა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგია მოიცავს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფას.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონის სტრატეგიის მომხრე 372 დეპუტატი იყო, 99 წინააღმდეგ წავიდა, 101-მა კი თავი შეიკავა.
13 მარტს სამთავრობო სტრატეგია სენატში უნდა განიხილონ, 14 მარტს კი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას უკრაინასთან დაკავშირებით ტელევიზიით მიმართავს.
კენჭისყრამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა კონფლიქტში გარდამტეხი მომენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის გამარჯვება წარმოადგენს „რეალურ საფრთხეს ფრანგი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებისთვის“. ატალის თქმით, ხმის მიცემისგან თავის შეკავება ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ” თავი შეიკავა.
მარინ ლე პენმა გააკრიტიკა მაკრონის განცხადებები, რომ ის არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, ასევე – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მემარცხენე პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ სტრატეგიის წინააღმდეგ მისცა ხმა. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.
ამასთან, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ფაბიენ რუსელმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ აუცილებელია, დაიცვას „წითელი ხაზები“, რათა არ შევიდეს პირდაპირ ომში რუსეთთან. პარტია ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან შეთანხმებას.