საფრანგეთის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი კიდევ 38 რეგიონში გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 162 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსით 999 043 ინფიცირებული აღრიცხეს. სულ გარდაიცვალა 34 210 პაციენტი.
საფრანგეთის ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო დღეიდან კომენდანტის საათი კიდევ 38 რეგიონში გამოაცხადა.
როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, შეზღუდვები 46 მილიონ ადამიანს შეეხება. მათ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლას აუკრძალავენ. კანონდამრღვევი პირი 135 ევროთი დაჯარიმდება.
„კორონავირუსის მეორე ტალღა საფრანგეთსა და ევროპაშია. სიტუაცია საგანგაშოა. მომდევნო რამდენიმე კვირა რთული იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა.
საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის 957 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხულია. სულ გარდაიცვალა 34 000 პაციენტი.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი 17 ოქტომბრიდან მოქმედებს.