საფეხბურთო მენეჯერმა გაგნიძისა და წულუკიძის რუსეთიდან წამოსვლაზე ისაუბრა - ქართველი ხალხის მოწოდება გავითვალისწინეთ #1TVSPORT
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ფიფა-მ რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატების ლეგიონერ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ნება დართო, ამ ქვეყნის კლუბები დატოვონ. ამით ჯერ მხოლოდ ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ისარგებლეს და „ურალიდან“ წამოვიდნენ.
საფეხბურთო მენეჯერმა ირაკლი ლილუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების, ლუკა გაგნიძისა და ლუკა წულუკიძის შესახებ ისაუბრა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, რუსეთის პრემეირლიგის „ურალი“ დატოვეს.
მათ ისარგებლეს ფიფა-ს გადაწყვეტილებით, რომელმაც რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატების ლეგიონერ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ნება დართო, ამ ქვეყნის კლუბები დაეტოვებინათ.
„კომპანია „ბენე სპორტის“ წარმომადგენლებმა, ფეხბურთელებთან ერთად ვიფიქრეთ, რადგან ფიფა-მ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტის შეჩერების უფლება 30 ივნისამდე მისცა, ამ პუნქტით გვესარგებლა – პლუს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მოწოდებაც და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც გავითვალისწინეთ“, – ამბობს ირაკლი ლილუაშვილი პირველ არხთან.
საფეხბურთო მენეჯერის თქმით, ახალგაზრდა მოთამაშეებმა საკმაოდ დიდ პირობებზე თქვეს უარი.
„ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდ ანაზღაურებაზე თქვეს უარი. მაგრამ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი სხვა რაღაცები იყო. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყო – ამ ვითარებაში წამოსვლა აჯობებდა“.
ლილუაშილმა კომენტარი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მომავლის შესახებაც გააკეთა.
„ვიყურებით წინ, რომ წავიდეთ და ვითამაშოთ ევროპაში. დაკონკრეტებას მოვერიდები, მაგრამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, რა თქმა უნდა, ინტერესიც არის და მათი მომავალი მალე გაირკვევა. 30 ივნისს მოთამაშეები თავიანთ კლუბებს უნდა დაუბრუნდნენ. თუმცა, „ბენე სპორტი“ ვმუშაობთ იმაზე, რომ 30 ივნისის შემდეგაც კარიერა ევროპაში გააგრძელონ“.