გაგნიძეს რუსეთში თანაგუნდელთან ინციდენტი შეემთხვა - ხორვატმა ქართველს ბოდიში მოუხადა #1TVSPORT
გაგნიძეს რუსეთში თანაგუნდელთან ინციდენტი შეემთხვა - ხორვატმა ქართველს ბოდიში მოუხადა #1TVSPORT

ლუკა გაგნიძეს რუსეთის ჩემპიონატში ინციდენტი თანაგუნდელთან შეემთხვა – მოსკოვის „დინამოს“ ქართველ ნახევრმცველს უსიამოვნება გათამაშების ლიდერ „სპარტაკთან“ მოგებულ (1:0) მატჩში თანაგუნდელ ნიკოლა მოროსთან (ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი) მოუვიდა.

19 წლის ქართველმა სცადა, რომ მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშისთვის ბურთი ფეხებშუა გაეტარებინა, მაგრამ არ გამოუვიდა და მეტოქემ სახიფათო შეტევა განავითარა. ამან ხორვატის უკმაყოფილება გამოიწვია და გაგნიძეს საჯაროდ პრეტენზიები წაუყენა. თუმცა, საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა.

ამის შესახებ კომენტარი „დინამოს“ მეკარე ანტონ შუნინმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მორომ ქართველ ფეხბურთელს ბოდიში მოუხადა.

„ლუკას ცოტა უფრო მარტივად უნდა ეთამაშა, მაგრამ ბურთი დაკარგა, ამის გამო სახიფათო მომენტი შეიქმნა. ბიჭები იმ დროს ემოციებით იყვნენ გაჟღენთილები, ამიტომ ყველა მას (გაგნიძეს) მიახტა, მაგრამ ნიკოლამ ბოდიში მოუხადა მთელ გუნდს, თქვა, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, განსაკუთრებით საჯაროდ. თითოეულ ჩვენგანს დღეს მოგება გვინდოდა და ემოციები იყო, რადგან „დინამოში“ გულგრილები არ არიან, განსაკუთრებით დღეს“, – განაცხადა შუნინმა.

თამაშის შემდეგ ამის შესახებ კითხვა „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს, სლავიშა იოკანოვიჩსაც დაუსვეს:

„მორომ ბოდიში მოუხადა გაგნიძეს. გუნდმა მიიღო მისი ბოდიში. ასეთი მომენტები ხდება, როცა ემოციები ჭარბობს, მაგრამ მოგვიანებით, რამდენიმე სიტყვით, ეს ხანძარი შეიძლება ჩაქრეს“, – განაცხადა იოკანოვიჩმა.