ირაკლი ლილუაშვილი - „რაკუვი“ გაგნიძის ტრანსფერის გამოსყიდვაზე რუსებთან მოლაპარაკებას აპირებს #1TVSPORT
ირაკლი ლილუაშვილი - „რაკუვი“ გაგნიძის ტრანსფერის გამოსყიდვაზე რუსებთან მოლაპარაკებას აპირებს #1TVSPORT

ლუკა გაგნიძემ, შესაძლოა, პოლონურ ჩესტოხოვასრაკუვთან“ სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, „ბენე სპორტის“ დამფუძნებელმა ირაკლი ლილუაშვილმა განაცხადა.

„კარგად გემახსოვრებათ, რომ გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ფიფა-ს სპეციალური გადაწყვეტილებით ისარგებლეს და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ეკატერინბურგის „ურალი“ დატოვეს. გაგნიძის ტრანსფერი მოსკოვის „დინამოს“ ეკუთვნოდა. შემდეგ მან ეს კონტრაქტიც შეაჩერა და პოლონურ „რაკუვში“ წავიყვანეთ, მაგრამ მალე მოვა 30 ივნისიც, როდესაც ვადა ამოიწურება და მისი ამბავი გასარკვევია. არის იმედი, რომ ლუკას ტრანსფერს გამოისყიდიან“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ლილუაშვილმა.

ქართველი ნახევარმცველი პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბში დიდი ავანსებით აიყვანეს, მაგრამ ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიეცა – 19 წლის ფეხბურთელი „ლეხთან“ თასის ფინალის განაცხადში არ იყო და მოედანზე არც ბოლო ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიასთანაც“ გასულა. ლილუაშვილის თქმით, „რაკუვს“ გაგნიძის დატოვება სურს.

„თავდაპირველად, ლუკას უთამაშებლობა მცირე ტრავმით იყო გამოწვეული. შემდეგ ყველაფერი „რაკოვის“ სატურნირო მდგომარეობამ განაპირობა – გუნდმა თასი მოიგო და ახლა ჩემპიონობის შანსი აქვს და მწვრთნელი შეთამაშებულებს არ ცვლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლუკა არ მოსწონთ. პირიქით – მის პოტენციალს ძალიან აფასებენ. რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ მოსკოვის „დინამოსთან“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვაზე მოლაპარაკების დაწყება სურთ“, – ამბობს ლილუაშვილი.