ლუკა გაგნიძე - მინდა, მეტი სათამაშო დრო მქონდეს, მაგრამ არ ვიცი, კლუბს დავტოვებ თუ არა #1TVSPORT
ლუკა გაგნიძე - მინდა, მეტი სათამაშო დრო მქონდეს, მაგრამ არ ვიცი, კლუბს დავტოვებ თუ არა #1TVSPORT

ლუკა გაგნიძე ვერ ამბობს, შეიცვლის თუ არა ზაფხულში კლუბს, რომლის გამოც საქართველოს ნაკრებში ადგილი დაკარგა.

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, 3 წელია, მოსკოვის „დინამოში“ ირიცხება, იჯარით ორ კლუბში გაუშვეს და დაიბრუნეს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

21 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 15 მატჩი (მხოლოდ 576 წუთი) ჩაატარა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლი 2023 წლიდან იწვევდა და 4 მატჩი ითამაშა. მაგრამ ადგილი დაკარგა და ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ ფორმით ვერ იასპარეზებს. ლუკამ Metaratings-თან არ დამალა, რომ კლუბში სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

„ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სათამაშო დროით კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელს, განურჩევლად ასაკისა, სურს ითამაშოს. მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. დავრჩები თუ არა „დინამოში?“ ახლა ამაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა, ფეხბურთით ვისიამოვნო“, – ციტირებს გაგნიძის სიტყვებს Metaratings-ი.

ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში უმთავრდება. ანალიტიკური პორტალი Transfermark-იt ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას 2 მილიონ ევროდ აფასებს.