ლუკა გაგნიძე - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული ფეხბურთელია, მაგრამ ისეთივე მოკრძალებული დარჩა, როგორსაც ვიცნობდი #1TVSPORT
ლუკა გაგნიძე - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული ფეხბურთელია, მაგრამ ისეთივე მოკრძალებული დარჩა, როგორსაც ვიცნობდი #1TVSPORT

ლუკა გაგნიძემ ახლახან დასრულებულ ევრო 2023-ზე, ტოპ ლიგაში გადასვლის შესაძლებლობასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ნახევარმცველს ინტერვიუ RB Sport-მა ჩამოართვა.

„ახლა საქართველოს ძალიან ძლიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს. ევროპულ ჩემპიონატებში ბევრი თამაშობს. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ბიჭია, რომელთაც თამაშისა და განვითარების საშუალება აქვთ. ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთში ახალგაზრდებს გზა ახლა უფრო ფართოდ გაუხსნეს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია. ევრო 2024-ის შესარჩევში ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ. ვიბრძვით და ვიცით, რომ მეტოქეებს ჩვენთან ძალიან გაუჭირდებათ. კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის მეორე შანსი ერთა ლიგიდანაა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები მზადაა, თავი მსოფლიოს გააცნოს.

ყველა ფეხბურთელი პრემიერლიგაში მოხვედრაზე ოცნებობს, მაგრამ ტოპ ლიგებიდან სტილით ესპანეთი და იტალია უფრო მომწონს. ჩემთვის ჯერ ამ დონეზე გადასვლაზე ფიქრი ნაადრევია, თავი უნდა დაიმკვიდრო და განვვითარდე. იმედია, ევროპაში გადასვლას მომავალში შევძლებ, მთავარია, ამისთვის, მზად ვიყო.

ხვიჩა კვარაცხელიას ისტორია ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია. მან წარმატებისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა იტალიაში მიღწევების შემდეგ არ შეცვლილა. ხვიჩას „დინამოდან“ დიდი ხანია ვიცნობ. წარმატებული ფეხბურთელი გახდა, მისი სატრანსფერო ღირებულება ძალიან გაიზარდა, მოიგო იტალიის ჩემპიონატი, თუმცა დარჩა ისეთივე კარგ და მოკრძალებულ ადამიანად, როგორსაც ვიცნობდი.

საბა საზონოვს, რა თქმა უნდა, შეუძლია ევროპაში თამაში. მაღალი დონის ცენტრალური მცველია, დიდი პოტენციალით“, – ამბობს ლუკა გაგნიძე.