ექსკლუზივი | ქართველი მენეჯერის ცნობით, 19 წლის გაგნიძეს ინგლისური კლუბი აკვირდება #1TVSPORT
ექსკლუზივი | ქართველი მენეჯერის ცნობით, 19 წლის გაგნიძეს ინგლისური კლუბი აკვირდება #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ საინტერესო ამბავი გაამხილა – ლუკა გაგნიძეს ინგლისის პრემიერლიგის გუნდი აკვირდება.

ოდილაძე დიდი ხანია, უნგრეთში საქმიანობს და „დიორ ეტოს“ სპორტული დირექტორი იყო, ახლა ამ ქვეყნის საფეხბურთო კლუბებთან თანამშრომლობს.

მისი თქმით, ლუკა გაგნიძეს ინგლისელები აკვირდებიან და შესაძლოა, მალე გაუჩნდეს შანსი, რუსული კლუბი მოსკოვის „დინამო“ დატოვოს და კარიერა დიდ ბრიტანეთში გააგრძელოს.

„ლუკა გაგნიძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას აქვს შანსი, რომ ძლიერ ლიგაში გადავიდეს, თუკი თამაშს და პროგრესს გააგრძელებს. მოსკოვის „დინამოს“ 19 წლის ნახევარმცველს ინგლისური კლუბი აკვირდება და სასურველ მოთამაშეთა სიაშია. ეს მის მენეჯერს, ირაკლი ლილუაშვილს ვაცნობე, რადგან მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძე.

მისი თქმით, ინგლისური კლუბი მას
შემდეგ დაინტერესდა, როდესაც ქართველმა ახალგაზრდამ პროგრესი აჩვენა.

„მას შემდეგ, რაც გაგნიძე მოსკოველებმა შეიძინეს, დრო კარგად მოიყენა, ფიზიკურად მოღონიერდა, თამაშებით კი რუსულ ლიგაში გაზრდილ მოთხოვნებს შეეჩვია. ჩემპიონატს რომ გაუშინაურდა, მოსკოვის „დინამოში“ დაბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. ახლახან მეგობარი მენეჯერი დამიკავშირდა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის კლუბის სკაუტია და მითხრა, რომ გაგნიძე კლუბმა დასაკვირვებელი მოთამაშეების სიაში შეიყვანა. ლუკა ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, სხვა გუნდებიც დაინტერებულები არიან. იმედია, ისიც შეძლებს და ევროპის ტოპ-ლიგაში ითამაშებს“ – აცხადებს ოდილაძე.

ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია. რუსეთში 2021 წლის 5 ივლისს გადავიდა და მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იჯარით ეკატერინბურგის „ურალში“ სეზონის ბოლომდე გადავიდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 10 მარტს გაგნიძეს „ურალთან“ კონტრაქტი შეუჩერდა (2022 წლის 30 ივნისამდე) და ფიფა-ს სპეციალური წესების შესაბამისად ახალი კლუბი აირჩია. ლუკა პოლონეთში წავიდა და ვაკო გვილაის გუნდში, „რაკოვში“ ჩაირიცხა.

მაგრამ პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა მისი კონტრაქტი ვერ გამოისყიდა და იძულებული გახდა, ზაფხულში ისევ მოსკოვის „დინამოში“ დაბრუნებულიყო. ლუკას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების წევრია.