„ქართულმა ფედერაციამ აქტიურად იმოქმედა“ - მიზეზი, რატომ აირჩია საზონოვმა რუსეთის ნაცვლად საქართველოს ნაკრები #1TVSPORT
„ქართულმა ფედერაციამ აქტიურად იმოქმედა“ - მიზეზი, რატომ აირჩია საზონოვმა რუსეთის ნაცვლად საქართველოს ნაკრები #1TVSPORT

გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს ვერსიას, თუ რატომ დათანხმდა მოსკოვის „დინამოს” 20 წლის მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში თამაშს – აღმოჩნდა, რომ მას რუსეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი იმ ქვეყანაზე გააკეთა, საიდანაც დედამისია და რომელსაც თავად მეორე სამშობლოს უწოდებს.

საზონოვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამდე რუსეთის ნაკრებში თამაშის წინადადებით მიმართეს. რუსეთის კავშირმა მოითხოვა მოთამაშის პასპორტის მონაცემები და სხვა საბუთები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში რეალურ ზარზე და შეთავაზებაზე საქმე არ მოსულა. მაგრამ მალე ფეხბურთელს საქართველოს ფედერაცია დაუკავშირდა“, – წერს გამოცემა.

„ჩემპიონატის“ ცნობით, საზონოვი საქართველოშიც იმყოფებოდა.

„ქართული ფედერაცია ბევრად უფრო აქტიური აღმოჩნდა და ფეხბურთელი საქართველოში მიიწვიეს და პერსპექტივები გააცნეს. ამის შემდეგ საზონოვმა საქართველოს შეთავაზება მიიღო. იმ დროისთვის, როცა საზონოვმა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება მიიღო, მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში თამაში“, – ამტკიცებს გამოცემა „ჩემპიონატის“ წყარო.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს ქართველი დედა ჰყავს – ნინო ნიშნიანიძე ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონ გუნდში, დიდი ჯიხაიშის „ჯიკოში“ თამაშობდა. რომელმაც შვილებს ქართული სახელები შეურჩია – საბა და დათა. პატარა ასაკში საბა მშობლებთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა და ხუთი წლის ასაკში ფეხბურთზეც ამ ქალაქში შევიდა.

საზონოვი საქართველოს ხშირი სტუმარია, რუსულ მედიაში მუდამ აფიქსირებდა, რომ უყვარს დედის სამშობლო და ქართული ენაც კარგად იცის – საბა თანაგუნდელ ლუკა გაგნიძეს დინამოელებთან ურთიერთობაში, ინტერვიუების დროს და ენის ათვისებაში ეხმარება.

საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე

საზონოვი „ზენიტის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მაგრამ 2021 წლის ზაფხულიდან ის მოსკოვის „დინამოს“ სტრუქტურაში გადავიდა. 20 წლის ტანმაღალმა (193 სმ) მცველმა მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში 16 მატჩის ჩატარება მოახერხა. ის ცენტრალური მცველია, მაგრამ „ზენიტშიც“ და „დინამოშიც“ საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობს და რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ასახელებდნენ.

საზონოვი „ჯვაროსნების“ ახალგაზრდული გუნდის შეკრებაზე თანაგუნდელთან ერთად, ნახევარმცვეი ლუკა განიძესთან ერთად (ფოტოზე) ჩამოვიდა. 24 და 27 სექტემბერს ქართველები შეხვედრებს პორტუგალიასთან და თურქეთთან გამართავენ.