საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალიან ეფექტურად, სტაბილურად მუშაობს
„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დავინახე უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია რეგიონის ქვეყნებიდან შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია, – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა, კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელში სახელწოდებით „შუა დერეფანი“.
„მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან, ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად“, – აღნიშნა კიტაკ ლიმმა.
მისივე შეფასებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას, ასევე გლობალური ვაჭრობის გაფართოებას.
„კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი, მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“, – განაცხადა ლიმმა.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.