საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზრდება
2020 წელი გლობალური ეკონომიკისთვის დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესი იქნება, – ასეთ პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აკეთებს.
როგორც„ ასოშიეტედ პრესი“ წერს, სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკა პანდემიის შედეგად 3 პროცენტით შემცირდება. ამავე პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ნავარაუდევია 5,8 პროცენტიანი ზრდა. თუმცა, ზრდის პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია.
სსფ-ს ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკა წელს 5,9 პროცენტით, ევროზონის წევრ 19 სახელმწიფოში კი 7,5 პროცენტით შემცირდება. ეკონომიკა 5,2 პროცენტით შემცირდება იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოში – 6,5 პროცენტით.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკა 2020 წელს 4 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ნავარაუდევია 3 პროცენტიანი ზრდა.
ჩინეთში კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკის 1,2 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.
სავალუტო ფონდის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს გლობალური ვაჭრობა საერთო ჯამში 11 პროცენტით შემცირდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალურ ეკონომიკურ პროგნოზს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს. ანგარიშს მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ.