საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან გამართა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა, მიმდინარე წლის ფისკალური პარამეტრები, ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა და 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.
უწყების ცნობით, ეს სსფ-ის მესამე შემფასებელი მისიაა. ამასთან, საქართველომ უკვე დაასრულა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის პირველი და მეორე მიმოხილვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირა იმუშავებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.