საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი - ქალების მეტ დასაქმებას ეკონომიკის ზრდის წახალისება შეუძლია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი თვლის, რომ ქალების დასაქმების მაჩვენებლის ზრდასა და დისკრიმინაციული კანონების გაუქმებას მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვნად წახალისება შეუძლია, – ამის შესახებ ლაგარდმა ბრიტანულ გამოცემა „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ლაგარდის თქმით, ისეთი ქვეყნების ეკონომიკა, როგორიც არის მაგალითად პაკისტანი, საუდის არაბეთი და ლიბანი, სადაც გენდერული თანასწორობა საკმაოდ დაბალ საფეხურზეა, ქალების მეტი დასაქმების შემთხვევაში, 35 პროცენტით გაიზრდება.
სავალუტო ფონდის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებული ქალების კომპეტენცია და პროფესიული უნარ-ჩვევები დამსაქმებელს იმაზე მეტ სარგებელს აძლევს, ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა. ლაგარდის განმარტებით, მეტი ქალის დასაქმებას შედეგად მოჰყვება მეტი ზრდა, უთანასწორობის შემცირება, ეკონომიკის გაჯანსაღება, მეტი ორიენტაცია მრავალფეროვან ექსპორტზე.
„მდგომარეობა იცვლება. იყო დრო, როცა ქალი ეკონომიკაში, დასაქმებასა და ფინანსებში არ განიხილებოდა მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ფაქტორად. ეს ასე აღარ არის“, – განაცხადა ლაგარდმა ინტერვიუში.
სავალუტო ფონდის კვლევა აჩვენებს, რომ ბანკის მმართველ რგოლში ქალების რაოდენობის ზრდა ასოცირდება ინდუსტრიის შიგნით უფრო მეტ ფინანსურ მდგრადობასა და სტაბილურობასთან. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით, ქალები საბანკო ინდუსტრიის მმართველი რგოლის ერთ მეხუთედზე ნაკლებს შეადგენენ და ბანკის აღმასრულებელი დირექტორების მხოლოდ ორი პროცენტია ქალი.
„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რაც უფრო მეტი ქალია ბანკის მმართველ რგოლში, მით უფრო მაღალია ბანკის ბუფერული კაპიტალი, უფრო მცირეა უიმედო სესხები მოცულობა და დაბალია რისკები. ეს არ გახლავთ შემთხვევითობა, ეს არის ძალიან ზუსტი ურთიერთმიმართება“, – განაცხადა ლაგარდმა და განვითარებულ ქვეყნებსაც მოუწოდა ამ მიმართულებით მუშაობა.
მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყნების 88 პროცენტს კანონმდებლობაში აქვთ ქალების დასაქმების შემზღუდველი მუხლები. 59 ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი კანონი, ხოლო 18 ქვეყანაში ქალებს დასაქმებაზე მეუღლის თანხმობას სთხოვენ.
თუმცა გარკვეული პროგრესიც შეინიშნება. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 65-მა ქვეყანამ 87 საკანონმდებლო რეფორმა გაატარა ქალების ეკონომიკაში ჩართვის ზრდის მიმართულებით.
ლაგარდის განცხადებით, სავალუტო ფონდი მოცემულ მომენტში ქვეყნებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ ქალის როლი უფრო გააძლიერონ.
სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ ქალების გაძლიერებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზრუნვა მხოლოდ ქალის საქმე არ არის და ეს კაცების პასუხისმგებლობაშიც შედის.