„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელია
საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის 2019 ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. ორგანიზაციის ახალ ანგარიშში საქართველოს 100 ქულიდან 56 აქვს მინიჭებული.
ორგანიზაციას რეგიონში 19 ქვეყანა აქვს შეფასებული და რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 35 ქულაა. რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო გლობალური მაჩვენებლის ზემოთ მხოლოდ სამი ქვეყანა: საქართველო (56), ბელარუსი (45) და მონტენეგროა (45).
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება საკვანძო ინსტიტუტებზე ჭარბი გავლენა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ორი ქულით არის შემცირებული. მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ადგილზეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებლები დანიას (87), ახალ ზელანდიას (87), ფინეთს (86), სინგაპურსა (85) და შვედეთს (85) აქვთ, ყველაზე ცუდი კი ვენესუელას (16), იემენს (15), სირიას (13), სამხრეთ სუდანსა (12) და სომალის (9).