„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სოციალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
„გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვეს“, – ამის შესახებ აღნიშნულია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს “ მიერ მომზადებულ კვლევაში.
კვლევა მოიცავს კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესხებ.
ამასთან, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია პირადი მიზნების მისაღწევად, საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;
კვლევის თანახმად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა 17% და 20%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, ხოლო 51% მიიჩნევს, რომ ის მიკერძოებულია.
გამოკითხულთა 80%-ის აზრით, სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
„გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%);
გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფლობს ზუსტ ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ (მინისტრთა რაოდენობის ცვლილება). ამასთან, 61% ფიქრობს, რომ მინისტრების რიცხვი კიდევ უნდა შემცირდეს“, – აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება მედიის საქმიანობის ნაწილს, კითხვაზე, ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს სატელევიზიო გადაცემები საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მთავრობის თუ ოპოზიციის, გამოკითხული 1843 ადამიანიდან 55%-ს მიაჩნია რომ ტელეკომპანია “იმედი” გამოხატავს მთავრობის ინტერესებს, ხოლო 15% საპირისპირო აზრზეა და ფიქრობს, რომ არხი არც ერთი მხარის პოზიციას არ გამოხატავს.
ამავე კითხვას გამოკითხულთა 66% პასუხობს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” გამოხატავს ოპოზიციის ინტერესს, 4% კი საპირისპირო აზრზეა.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, გამოკითხულთა 29%- ს მიაჩნია, რომ პირველი არხი მთავრობის ინტერესებს გამოხატავს, ხოლო 16%-ს მიაჩნია, რომ არხი არც ერთი მხარის პოზიციას არ გამოხატავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1843 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%-ია.